ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს

2 დეკემბერი 2015 Shadow

2 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია კარის პოლიტიკაზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტი 14 პუნქტიანია და ოთხი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეძღვნება.

განცხადებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის. როგორც კომუნიკეს მე-10 პუნქტშია აღნიშნული საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს წევრობის მოსამზადებლად. NATO ასევე მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს ყველა შესაძლებლობის გამოყენება ალიანსთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით. განცხადებაში ასევე წერია, რომ ალიანსი ახალ პრაქტიკულ გზებს მოიძიებს მხარდაჭერის გასაძლიერებლად მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით.

ეს მცირე ჩანაწერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია ალიანსისგან, ვინაიდან NATO-ს კომუნიკე ნათლად მიუთითებს საქართველოს მზადყოფნაზე გახდეს ალიანსის წევრი. 2014 წელს, უელსის სამიტზე ასევე იყო ნახსენები საქართველოს პროგრესი, თუმცა სამიტის განცხადებაში მითითებული იყო რომ: „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს საჭირო ინსტრუმენტებს სამომავლო წევრობისთვის.“

დიპლომატიურ ენაზე, ისეთ წვრილმან დეტალებს და სიტყვათა შეთანხმებას როგორიცაა - „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი“, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩანაწერი ირიბად მიუთითებს საქართველოს მიერ მაპ-ით (NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ჯერ-ჯერობით არ აქვს) გათვალისწინებული ინსტრუმენტების ფლობას. შესაბამისად, საქართველო- NATO-ს პარტნიორობაში პრაქტიკული ინსტრუმენტების ამოწურვა მოხდა, რაც გულისხმობს საქართველოს მზადყოფნას გახდეს NATO-ს წევრი. ასეთი ჩანაწერი შეიძლება მომავალ სამიტებზე გახდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საფუძველი მაპ-ის გვერდის ავლით ან სხვა ფორმით, თუმცა მოვლენათა ამდაგვარი განვითარება გარანტირებული არ არის.

აღსანიშნავია ასევე, რომ NATO განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისათვის, მათ შორის სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებში, ჯარის მოდერნიზებასა და თავდაცვით ინსტიტუტებში.

NATO კვლავ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის რეაგირების ძალებსა და ავღანეთის ოპერაციებში, ასევე აფასებს ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და წვლილს უსაფრთხოებისთვის.

მნიშვნელოვანია ასევე, NATO-ს კომუნიკეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერის დაფიქსირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების კრიტიკა. NATO არ აღიარებს ე.წ. რუსეთის შეთანხმებებს საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან (2014 წლის ნოემბერი) და სამხრეთ ოსეთთან (2015 წლის მარტი).

"ეს შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

NATO-ს მინისტერიალზე მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, მონტენეგრომ მიიღო ოფიციალური მოწვევა NATO-ს წევრი ქვეყნებისგან (რასაც მწვავედ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაცია), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის ურყეობას როგორც სამხედრო ალიანსის საყრდენი პრინციპისა და ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ მესამე სახელმწიფოს ზეწოლა NATO-ს გადაწყვეტილებებზე ვერ მოახდენს გავლენას.